დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone579281951 emailinfo@herami.ge

Entrepreneur Georgia ჰერამის შესახებ

03/28/2022

პროგრამის ბენეფიციარ თამარ მიქაძის ბრენდი „ჰერამი" დაფუძნდა 2018 წელს. ბაზარზე არსებული კოსმეტიკით იმედგაცრუებულმა თამარმა, გადაწყვიტა თავის მოვლის საშუალებები შინ ეწარმოებინა, რაშიც, მისი თქმით, ის უზარმაზარი ინფორმაცია დაეხმარა, რომელიც დაგროვილი ჰქონდა მცენარეული ზეთებისა და თავის მოვლის ბიოსაშუალებების ინგრედიენტების შესახებ წლების განმავლობაში. მან თავად დაიწყო საპნების, მიცერალური წყლისა და საცხების დამზადება, ხოლო შედეგმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა.

„საპნები ვიზუალურად ისეთი მიმზიდველი იყო, რომ დავიწყე მათი ატვირთვა სოციალურ ქსელში. ბევრი მათგანი გავაჩუქე. გამოხმაურება იმდენად პოზიტიური იყო, რომ სწრაფადვე დავიწყე პროდუქციის რეალიზაცია, ხოლო მომხმარებელი კმაყოფილი და აღფრთოვანებული იყო შედეგით", − აცხადებს თამარი, − „ამჟამად, ვაწარმოებ 100%-ით ბუნებრივ თავის მოვლის საშუალებებს, სხვადასხვა დასახელების საპნებს, საცხებს, სკრაბებს, შრატებს, ტუჩის ბალზამს და ნიღბებს. დაახლოებით 40-მდე დასახელების პროდუქციაა „ჰერამში" წარმოდგენილი და ნელ-ნელა იზრდება ასორტიმენტი. აბსოლუტურად ყველა ფორმულა საავტოროა და ეს არის ბევრი ცდისა და ტესტირების შედეგი".

აღსანიშნავია, რომ „ჰერამი" ქალბატონებისათვის განკუთვნილი კოსმეტიკის გარდა, მამაკაცების თავის მოვლის საშუალებებსაც აწარმოებს და სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს. გარდა ამისა, თამარს სურს საკუთარი ბრენდული მაღაზიის გახსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გასინჯოს და შეარჩიოს პროდუქცია.

„ძალიან მიხარია, რომ ვარ USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს ბენეფიციარი. აქ შევხვდი უამრავ წარმატებულ და საინტერესო მეწარმე ქალბატონს. მათი ისტორიები და გამოწვევებისადმი მიდგომა დიდი სტიმულია იარო წინ და არ შეჩერდე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელ რგოლს მხარდაჭერისთვის. მათი რეკომენდაციები და კონსულტაციები ძალიან დამაიმედებელი და ფასეულია ჩემთვის", − აღნიშნავს „ჰერამის" დამფუძნებელი.