08/24/2020
მარი ნებიერიძე
თამარ მიქაძეს საკმაოდ მდიდარი ბიოგრაფია აქვს, რომლის შესახებაც თავად მოგიყვებათ. მე კი მის მიერ 2019 წელს შექმნილი ბრენდის „ჰერამის“ შესახებ მოგითხრობთ. აქვე გეტყვით, რომ „ჰერამი” ძველ სვანეთში ნაცრიან წყალს ერქვა, რომელსაც საპნის გასაკეთებლად იყენებდნენ.
„ჰერამი“ 100 პროცენტით ნატურალური, ბუნებრივი კოსმეტიკის ბრენდია. მზადდება ხელით, უმაღლესი ხარისხის ზეთებით, ეთერზეთებით და კარაქით. შეიძლება ითქვას, რომ ის ბუნებრივი ინგრედიენტების კოქტეილია. უფრო დეტალურად ამ ყველაფრის შესახებ თამარი გვესაუბრა და ქალბატონებს ბევრი საინტერესო რჩევაც გაუზიარა.
ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკა
© photo: courtesy of Tamar Mikadze
- დღევანდელ საქმიანობამდე საკმაოდ გრძელმა და საინტერესო ცხოვრებამ მომიყვანა. საქართველოში 2012 წელს დავბრუნდი აშშ-ში მრავალწლიანი ცხოვრების, სწავლის და მუშაობის შემდეგ. ვარ ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1998 წელს მთლიანად დააფინანსა ჩემი ორწლიანი სამაგისტრო სწავლება და სტიპენდია მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრაციის განხრით. მომენიჭა განათლების მაგისტრის წოდება. საქართველოში ორი წლით დაბრუნების და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი აშშ-ს, ამჯერად მსურდა აბსოლუტურად დამოუკიდებლად გამეკვლია გზა ჩემი ოცნების უნივერსიტეტში, და მოვიპოვე კიდეც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის და საერთაშორისო მშვიდობის სტიპენდიები. ორი წელი ვსწავლობდი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ვაგნერის სკოლაში, სადაც დავეუფლე მაგისტრის მეორე ხარისხს საჯარო ადმინისტრირების დარგში. შემდეგ წლების განმავლობაში ვმუშაობდი ვაშინგტონში, პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს იყო თავდადებული შრომის, თვალსაწიერის გაფართოების და დაუღალავი სწავლის დაუვიწყარი წლები. ბევრი გამოცდილება და ცოდნა შევიძინე. უამრავ საინტერესო ორგანიზაციასთან და პროფესიონალთან მქონდა შეხება. სამწუხაროა, რომ ამ გამოცდილების რეალიზება საქართველოში ქვეყნის სასიკეთოთ ვერ ხერხდება. არ მომეცა ამის შანსი. თუმცა, ჩემ საყვარელ საქმიანობამდე სწორედ რომ ჩემმა ერთ-ერთი კონკრეტული მიმართულებით კონცენტრირებულმა გამოცდილებამ მიმიყვანა. ეს არის ბუნებრივი თავის მოვლის საშუალებების წარმოება. ვქმნი იმას, რის დეფიციტსაც თავად განვიცდი საქართველოში.
ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკა
© photo: courtesy of Tamar Mikadze
ჩემი გატაცებების სფერო ძალიან ფართოა. შეიძლება ითქვას, რომ თანაბრად მაინტერესებს ყველაფერი. შემიძლია ვიკითხო ნებისმიერი მიმართულებით ერთი და იმავე ინტერესით. მიყვარს ხატვა. უდროობის გამო დღეს მხატვრულ მონდომებას ჩემი საპნების დიზაინში „ვდებ“.
- ბუნებრივი კოსმეტიკის დამზადება როდის დაიწყეთ და რატომ დაინტერესდით ამ საქმით?
- ბუნებრივი კოსმეტიკის მომხმარებელი ვიყავი წლების განმავლობაში. არასდროს მიყიდია რამე შემადგენელი ინგრედიენტების საფუძვლიანი გამოკვლევის და შესწავლის გარეშე. მაინტერესებდა ინფორმაცია ყველა ინგრედიენტის შესახებ, რადგან მუდამ ჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობდი, აქტიურად ვვარჯიშობდი და დიდ ყურადღებას ვაქცევდი საკვებს და თავის მოვლის საშუალებებს. ცოდნა რა არის, თუ არა დაგროვილი ინფორმაცია? დროთა განმავლობაში დამიგროვდა ცოდნა ბუნებრივი ზეთების, მცენარეების და მათი სასარგებლო თვისებების შესახებ. დამატებით ბევრი ინფორმაცია მივიღე ამ მიმართულებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მარკეტინგის სწავლისას. ამ ინფორმაციამ მიმიყვანა თავის მოვლის ისეთ საშუალებებთან, რომლებშიც წარმოებისას არ გამოიყენება პარაბენები და ფტალატები, არომატიზატორები, პარფიუმი და ემულგატორები. სხვათა შორის, ეს მწარმოებლები არიან დღეს წამყვანი ხელნაკეთი ბრენდები აშშ-ში. ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ ძვირადღირებული თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც იქმნება ფედერალური მთავრობის მკაცრი ზედამხედველობით.
ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკა
© photo: courtesy of Tamar Mikadze
ბოლო რამდენიმე წელია დავიწყე დაგროვილი ცოდნის გამოყენება და დავამზადე მცენარეული საპნები. თავდაპირველად მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის ვამზადებდი. შემდეგ კი, ასე ვთქვათ, გაჟონა ინფორმაციამ გარეთაც. შედეგმა მრავალი ადამიანი აღაფრთოვანა პირველივე გამოყენებაზე. სახე რბილდება და ხდება ნაზი, სრიალა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამას ვერ აკეთებს ვერც ერთი უძვირესი ბრენდი, რომლის მომხმარებელიც გახლდით წლების განმავლობაში.
ბუნებით შემოქმედი ვარ და მიყვარს კეთების პროცესი, მივხვდი, რომ ეს არის საქმიანობა, რომელიც მინდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე ჰობი. მე მუდამ ვიყავი ჩემი გონებრივი შრომის შედეგზე დამოკიდებული. უფრო მეტად საოცარი და კმაყოფილების მომგვრელი შეგრძნებაა, როცა იმკი ფიზიკური შრომის შედეგს. როცა აკეთებ რაღაცას ფიზიკურად და იღებ შედეგს. ძალიან მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ და მავსებს უსაზღვრო ენერგიით.
ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკა
© photo: courtesy of Tamar Mikadze
- რამდენად აზარტული და საინტერესოა კოსმეტიკის შექმნის პროცესი?
- აზარტის შეგრძნება ძალიან დიდია, საპნის დამზადებისას მხოლოდ ინგრედიენტების კონტროლი შეგიძლია. რაც შეეხება დიზაინს, გეგმავ, თუმცა ბოლომდე არ იცი რას მიიღებ. სიურპრიზის მომენტი ძალიან აზარტულია. ეს არის პროცესი, რომელსაც ვერ ვაჩერებ. მინდა სულ უფრო და უფრო მეტი სახის საპონი დავამზადო, უფრო მეტი მცენარე ჩავრთო ინგრედიენტებში. მუდმივად იხვეწება რეცეპტიც, რომელიც მთლიანად ჩემია და უკვე ბევრი ვარიაცია მაქვს ამ რეცეპტის, სხვადასხვა ტიპის კანზე მორგებული. ეს არის საქმე, რომელიც მიტაცებს და მავსებს.
ასევე ძალიან აზარტულია, როცა ისმენ შედეგით აღფრთოვანებული მომხმარებლების კომენტარებს. აზარტის ნაწილს წარმოადგენს პროდუქციის მომხმარებლებისთვის გაცნობის პროცესიც. მომხმარებლებს ვაცნობ, თუ რა შეიძლება გააკეთოს ხარისხიანმა პროდუქციამ, ბუნების ძალამ, რომელსაც არანაირი სხვა დამატებითი ქიმიური ინგრედიენტი არ სჭირდება. და, რაც ყველაზე მთავარი და აუცილებელია ჩემთვის, ამ დროს მე ვარ საკუთარი თავის უფროსი. ჩემი შემდეგი ნაბიჯი აბსოლუტურად ჩემზეა დამოკიდებული.
ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკა
© photo: courtesy of Tamar Mikadze
- რა სახის პროდუქციას აწარმოებთ?
- ვაწარმოებ თავის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს: საპნებს სხვადასხვა ტიპის კანისთვის, მათ შორის აკნესთვის; უნივერსალურ მკვებავ კრემებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის და ღამის რუტინისთვის ერთი მკვებავი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან საკმაოდ მსუბუქია დღისთვის და თავისი შემადგენლობით კარგად კვებავს კანს ღამით. ვამზადებ დამატენიანებელ მრავალზეთიან მიქსებს, სხეულის და სახის სკრაბებს, ზეთებს სხეულისთვის და თმისთვის. ახლახან დავამატე მამაკაცებისთვის წვერის მოვლის საშუალება, რომელიც არის მრავალზეთიანი. მიხარია, რომ ამ მიმართულებით უკვე მყავს კმაყოფილი მომხმარებლები. ასევე მიხარია, რომ ჩემს საპნებს ქალბატონებთან ერთად მამაკაცებიც დიდი სიამოვნებით მოიხმარენ. მყავს ბევრი განმეორებითი მომხმარებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მთლიანად, ასე ვთქვათ, „გადმოერთო“ „ჰერამის“ პროდუქციაზე.
ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკა
© photo: courtesy of Tamar Mikadze
- რით არის თქვენი ნაწარმი გამორჩეული?
- „ჰერამის“ ნაწარმი არის ბუნებრივი, სურნელოვანი, ლამაზი და ეფექტური. „ჰერამის“ საპნები გამორჩეული დიზაინისაა, რადგან ვთვლი, რომ სასარგებლოსთან ერთად პროდუქციამ ესთეტიკური სიამოვნებაც უნდა მიანიჭოს მომხმარებელს. პროდუქციის გამოყენება უნდა გინდოდეს. ერთი სული უნდა გქონდეს, როდის მოვა მისი გამოყენების დრო. მე ვთვლი, რომ „ჰერამის“ პროდუქცია სწორედ ასეთ განცდას ტოვებს.
გამორჩეულია „ჰერამი“ ზეთების ხარისხითაც. ვიყენებ ძვირფას ზეთებს და ეთერზეთებს. ეთერზეთების ხარისხზე ძალიან დიდად არის დამოკიდებული შედეგი. „ჰერამის“ ეთერზეთების უმეტესობა ამერიკულია და სერტიფიცირებულია, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ.
ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკა
© photo: courtesy of Tamar Mikadze
ჩვენი პროდუქცია „უნისექს“ პროდუქციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება გამოიყენოს მამაკაცმაც და ქალმაც. ერთადერთი, რაც მხოლოდ მამაკაცებისთვის არის, არის ჩვენი წვერის სურნელოვანი დამარბილებელი ზეთი.
გამორჩეულია ჩვენი პროდუქცია ასევე ზეთების სიმრავლით. ქართულ ბაზარზე ხშირია 2-3-ზეთიანი სახის ზეთები. „ჰერამის“ სახის ზეთი გამორჩეულია საბაზისო ზეთების და ასევე ეთერზეთების სიმრავლით. ერთ ფლაკონში იღებთ 11-14 ზეთის და ეთერზეთის კომბინაციას. ყველა მათგანი სხვადასხვა მიმართულებით კვებავს და აჯანსაღებს თქვენს კანს, რადგან ბუნება ჯადოქარია. მას არ სჭირდება არანაირი ქიმიური ელემენტების დამატება თქვენი კანის გასაჯანსაღებლად.
ქიმიური ელემენტები, პარაბენები, ფტალატები და სხვა ნივთიერებები ანგრევს ენდოკრინულ სისტემას და იწვევს ათასგვარ სიმსივნურ დაავადებებს. ჩვენს ჯანმრთელობას არა მარტო ის განსაზღვრავს, თუ რას მივირთმევთ სადილად, არამედ ისიც, თუ რას დავიტანთ კანზე. ჩვენს კანზე დატანილი ნებისმიერი პროდუქცია ნახევარ წამში სისხლის მიმოქცევის სისტემაშია გადასული, აღწევს ყველა ორგანომდე და აზიანებს მას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილად აარჩიოს მომხმარებელმა თავის მოვლის საშუალებები.
ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკა
© photo: courtesy of Tamar Mikadze
- ზაფხულის პერიოდში ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებიან ქალბატონები?
- ზაფხულის პერიოდში ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის განსაკუთრებით მძაფრდება აკნე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კანის სისუფთავის დაცვა და მისი სიღრმისეულად გასუფთავება, რადგან სახეზე მოხვედრილი მტვერი და ოფლი განსაკუთრებით არასასურველი კომბინაციაა ნებისმიერი ტიპის კანისთვის, ახშობს ფორებს და წარმოქმნის აკნეს. აუცილებელია არაკომედოგენური სახის და სხეულის მოვლის საშუალებების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ფორების დახშობა.
მეორე საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, არის გარუჯვისას გამოწვეული კანის დამწვრობა. ჩვენთან ჯერ კიდევ ძალიან პოპულარულია რუჯის მიღება. ზედმეტი ულტრაიისფერი დასხივება კანის დამწვრობას იწვევს. ულტრაიისფერი სხივები ადვილად აღწევს კანის ზედა შრეებში და ჩადის ღმად, კანის ქვედა შრეებში, სადაც აზიანებს ან მთლიანად ანადგურებს კანის უჯრედებს.
წლების განმავლობაში ხშირად და ხანგრძლივად მიღებული რუჯი კანის სიმსივნური დაავადების ძირითადი გამომწვევია. ეს საშიშროება რეალურია. შეიძლება ერთი ზაფხულის განმავლობაში ამ პრობლემამ თავი არ იჩინოს, მაგრამ მომავალში აუცილებლად შეგახსენებთ თავს ნაადრევი ნაოჭების, როზაცეას, პიგმენტური ლაქების განვითარების სახით.
ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკა
© photo: courtesy of Tamar Mikadze
- როგორ და რა საშუალებებით უნდა მოუარონ ადამიანებმა ზაფხულში თავს?
- ხშირად გარედან ვცდილობთ შევალამაზოთ ჩვენი დაუდევრობით გამოწვეული უკვე დამდგარი არასასურველი შედეგი. უნდა ვერიდოთ მზეს და ვსვათ ბევრი წყალი. არ ვიკვებოთ ზედმეტად ცხიმიანი საკვებით. აუცილებელია ბევრი ხილი და ბოსტნეული. კანს შიგნიდან უნდა მოვუაროთ. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება გარედან დატანილ კრემს შედეგი.
ხელნაკეთი ნატურალური კოსმეტიკა
© photo: courtesy of Tamar Mikadze
- შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს რაიმე მარტივი საშუალება ასწავლოთ სახის კანის მოსავლელად?
- როგორც აღვნიშნე, სახის კანის მოვლა შიგნიდან იწყება. გარედან ამაო იქნება თავის მოვლის ძვირფასი საშუალებების გამოყენება, თუ არ გვაქვს დაბალანსებული კვება, არ ვვარჯიშობთ და ძილი გვაკლია. ეს აუცილებლად აისახება სახის კანზე. როგორც ამერიკელები იტყვიან, ჩვენ ისე გამოვიყურებით, როგორც ვიკვებებით. ჯანსაღი, დაბალანსებული საკვების მიღება არის სახის კანის (და არა მარტო) მოვლის მარტივი ფორმულა.
ზაფხულია, ცხელა. ხდება ბევრი წყლის აორთქლება. მუდმივად საჭიროა მივიღოთ წყალი. სვით ბევრი წყალი. ეს აუცილებლად აისახება თქვენს სახეზე. სვით ლიმონიანი წყალი. გარდა იმისა, რომ ლიმონი C ვიტამინით არის მდიდარი, ის ხელს უწყობს კანის დატენიანებას, ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას და შესანიშნავია მშრალი კანისთვის.